მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „VinExpo Paris 2020“ კომპანიამ “Bolero & Co” საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა.
წარმოდგენილ პროდუქციას შორის იყო როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოები. მომხმარებლების, ღვინის მოყვარულებისა და პროფესიონალების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურეს, რომელთა შორისაც იყო სავაჭრო ნიშნის „DAISI” ქვეშ წაროებული საუკეთესო ხარისხის თეთრი და წითელი ღვინოები: „მწვანე“, „ქისი“, „ხიხვი“, „რქაწითელი“, „ალადასტური“ და „საფერავი“.
გამოფენის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასი ჩაატარა.
“30 წელია მეღვინეობის სფეროში ვმოღვაწეობ. 8-ათასწლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს 6 წლის წინ გავეცანი და ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. შესანიშნავია როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის სიახლე, განსხვავებული, მრავალფეროვანი, უნიკალური, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა გამესინჯა და სხვისთვისაც წარმედგინა ქართული ღვინის უნიკალური გემოები” – აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა.
გამოფენის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირადი კონტაქტები დაემყარებინათ და შეხვედრები გაემართათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებთან.